აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველომ გამართა საინფორმაციო შეხვედრა და პრეზენტაცია წარუდგინა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელვაჩაურის ფილიალის მოხალისეებს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრმა. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა წყლის რესურსების დაცვის მნიშვნელობაზე, მდინარეების ეკოლოგიურ როლსა და ბუნების დაცვის აუცილებლობაზე.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, „თოფი მაჭახელას“ მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ ქედქედში მოეწყო მდინარისპირა სივრცის დასუფთავების აქცია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრის მონაწილეები.

ღონისძიება გაგრძელდა მაჭახელას ეროვნული პარკის საგამოფენო სივრცეში, სადაც მონაწილეებმა დაათვალიერეს ექსპოზიცია და გაეცნენ მაჭახელას ხეობის მდიდარ ბიომრავალფეროვნებას, უნიკალურ ბუნებასა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ასევე, მოინახულეს ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. წარმოდგენილი ექსპონატების საშუალებით მოხალისეები გაეცნენ მაჭახელას ხეობის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს, წარსულის ამსახველ ადგილობრივ ისტორიულ არტეფაქტებს, ტრადიციული სოფლის ყოფისთვის დამახასიათებელ ეთნოგრაფიულ ნივთებს.

წყალი ჩვენი საერთო მემკვიდრეობაა – მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.