მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საქართველოში არსებული 5 დაცული ლანდშაფტიდან ერთ-ერთია და უშუალოდ ესაზღვრება მაჭახელას ეროვნულ პარკს. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს V კატეგორიის დაცულ ტერიტორიას და მოიცავს 4294 ჰა. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და წარმოადგენს მდინარე მაჭახელის ქვედა ნაწილისა და მისი შენაკადების აუზს.მოიცავს მცირე კავკასიონის შავშეთის ქედსა და მის განშტოებებს.
2022 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“,რომელიც ძალაში 2023 წლის 1 იანვარს შევიდა.მისი მართვა ხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ,მის მიერვე დაფუძნებული ა(ა)იპ ,,მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს“ მეშვეობით.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს მთავარ მისიას წარმოადგენს:
უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა;
უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის − შენარჩუნება;
ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა;
ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება;
ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით;
არსებულ დაცულ ტერიტორიებს (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო დაცულ ტერიტორიებს) შორის ეკოლოგიური დერეფნის ფუნქციის შესრულება.
საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნა და მართვა ხორციელდება საქართველოს კანონის- დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ- საფუძველზე.
2022 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“,რომელიც ძალაში 2023 წლის 1 იანვარს შევიდა.
კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
ა) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი);
გ) შექმნას მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა;
დ) მოაწესრიგოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები;
ე) უზრუნველყოს ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების განვითარების ხელშეწყობა.
ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული მაჭახელას ხეობის ტერიტორიის დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა;
გ) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება;
დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მცირე კავკასიონის შავშეთის ქედსა და მის განშტოებებზე. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი მოიცავს მდინარე მაჭახელას ხეობას. მისი სამხრეთი საზღვარი მიუყვება მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე, აღმოსავლეთი საზღვარი მცირე მანძილზე მიუყვება თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ჩრდილოეთი საზღვარი მიუყვება მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვარს, ხოლო დასავლეთი საზღვარი − მდინარე მაჭახელასა და სოფელ კირნათის საზღვარს.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 4294 ჰექტარი.