სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა – 2026“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „ხელვაჩაურის დღეების“ ფარგლებში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა – 2026“ გაიმართა.
მაჭახლობის სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველო, რომელმაც ღონისძიებაზე საკუთარი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კუთხე წარმოადგინა. კუთხე განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ დაცული ტერიტორიის ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, ტურისტულ მარშრუტებსა და რეინჯერების საქმიანობას.
ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ მხეიძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ საპატიო მაჭახლელები დააჯილდოვეს.
დღესასწაულის ფარგლებში ასევე მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ თითოეული სოფლისთვის დამახასიათებელ ნიმუშებსა და ტრადიციებს. გაიმართა ადგილობრივი კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ასევე ჩატარდა სპორტული და გასართობი აქტივობები.
ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებელი ბაიარ შაჰინი და ჯგუფი „ბანი“.
მაჭახლობის ტრადიციულ დღესასწაულს აჭარის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერები, მოწვეული სტუმრები და უცხოელი ტურისტები დაესწრნენ.
მაჭახლობა კიდევ ერთხელ იქცა სივრცედ, სადაც მაჭახელას ხეობის ბუნება, კულტურა, ისტორია და ტრადიციები ერთიანად წარმოჩნდა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.