ბიომრავალფეროვნება

მედვედევის არყი (Betula medvedewii)

საქართველოს „წითელი ნუსხაშია“. VU მოწყვლადი ტაქსონი. ფოთოლმცვივანი ხეებისა და ბუჩქების გვარი არყისებრთა ოჯახისა, რომელიც 20 მ სიმაღლემდე იზრდება. ქერქი თეთრია ან ყომრალი. მორიგეობით განლაგებული მომრგვალო მარტივი ფოთლები კიდე მთლიანია. ნაყოფი ბრტყელი კაკალია, რომელსაც ორი აპკისებრი ფრთა აქვს. მრავლდება თესლითა და ძირკვის ამონაყარით. საქართველოში 5 სახეობაა. სინათლის მოყვარული და ტენის მომთხოვნია. ქმნის წმინდა კორომებს (არყნარებს) ან შერეულია სხვა მერქნიან მცენარეებთან. არყის წვენი შეიცავს შაქრებს-ფრუქტოზას და გლუკოზას, იყენებენ ბურახისა და სიროფის  დასამზადებლად. კვირტები და ფოთლები იხმარება მედიცინაში.

             

პონტოური/პონტოს მუხა (Quercus pontica)

საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი VU-მოწყვლადი ტაქსონის სტატუსით. მაღალი ბუჩქი ან პატარა ხე (5-7, იშვი- ათად 10-12 მ სიმაღლისა) ზოგჯერ ქმნის წმინდა კორომს. ხშირად ქვეტყეში. სინათლის მოყვარულია. ღერო ხშირად გართხმულია. ზამთრის მკაცრი პირობების გადატანა უხდება თოვლის მძლავრი საფრის ქვეშ. ნაყოფმსხმოიარობს ცუდად და იშვიათად. რკო ხშირად დამწიფებას ვერ ასწრებს, ამიტომ აღმოცენების უნარი არ აქვს. მიწაზე გართხმული ტოტები ბევრ ადგილზე ფესვიანდება და ქმნის გაუვალ რაყას. მერქანი მაგარი აქვს. დეკორატიულია.

                   

უთხოვარი (Taxus baccata)

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ VU- მოწყვლადი ტაქსონის სახითაა წარმოდგენილი. უთხოვარი ერთადერთი წიწვოვანი სახეობაა, რომლის ნაყოფიც გირჩა არ არის. ღერო მოწითალო-მოყავისფროა თხელი ქერქით. წიწვები ზედა მხარეს მუქი მწვანეა, ქვემოდან ბაცი, ბრტყელი და ხაზურა, ზომით 2-3,5 სმ სიგრძისა და 2-2,5 მმ სიგანის. იზრდება ძალიან ნელა, მაგრამ ხასიათდება სიცოცხლის ხანგრძლივობით. მცენარის ყლორტები და წიწვები ტოქსიკურია. საქართველოში უთხოვარი თითქმის ყველგან იზრდება, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. უთხოვარის მსოფლიოში უდიდესი ბუნებრივი ნარგაობა 700 ჰა ფართობზეა წარმოდგენილი.

                               

წაბლი (Castanea sativa)

ფოთოლმცვივან მერქნიან მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. 30 მ სიმაღლის ხეა, გადაშლილი დატოტვილი ვარჯით. ფოთლები ზედა მხრიდან მუქი მწვანეა და შიშველი, ქვედაზე ნაწილობრივ შებუსული. წაბლი მდიდარია გლუკოზითა და ფრუქტოზით. ესაა ერთადერთი თხილეული, რომელიც C ვიტამინს შეიცავს. დაცულია საქართველოს „წითელი ნუსხით“ (VU).

               

ჰართვისის (კოლხური) მუხა (Quercus hartwissiana)

შეტანილია საქართველოს „წითელი ნუსხაში“ VU-მოწყვლადი ტაქსონის სახით. 25-მ-მდე სიმაღლის ხეა და საქართველოს ფლორის ერთ-ერთი იშვიათი, უძველესი სახეობაა; სწრაფ- მზარდი, მაღალხარისხოვანი მერქნის მქონე დეკორატიული მცენარეა; უმთავრესად გვხვდება დასავლეთ საქართველოში. იზრდება კოლხეთის ფოთლოვან ტყეში იმერეთის მუხასთან ერთად, თიხნარ, ეწერ, ყომრალ, კარბონატულ, წითელმიწა დაჭაობებულ ნიადაგებზე მთის ქვედა და შუა სარტყლებში ზ.დ. 200 მ-დან 1200-1400 მ-მდე. გვხვდება ერთეულებად ან პატარ-პატარა ჯგუფებად. მრავლდება თესლით და ვეგეტაციურად (ძირკვის ამონაყრით).

                           

 

ქართული კაკალი (Juglans regia)

წარმოდგენილია საქართველოს „წითელ ნუსხის“ VU- მოწყვლადი ტაქსონის სახით. ფოთოლმცვივანი ხე კაკლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 20-30 მ აღწევს, დიამეტრი 1,5 მ. შვეულად მდგომს ვარჯი ფართოდ აქვს გადაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული. კაკალი სინათლისა და სითბოს მოყვარულია. მაღალ მთებში (1500 მ-ზე ზევით) სიცივე აზიანებს, უძლებს 20-22 °C-მდე ყინვას. საკმაოდ გვალვაგამძლეა, ნაყოფმსხმოიარეა 12 წლიდან 200 წლამდე. მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს. კაკლის გული შეიცავს ცხიმებს, ცილებს, B1 ვიტამინსა და A პროვიტამინს. მკვახე ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით.

                   

 

მურყანი-თხმელა (Alnus barbata)

არყისებრთა ოჯახისა. გლუვი ქერქი აქვს, ფოთლები ქვედა მხრიდან რუხია, ხავერდისებრი. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული.   იზრდება   წიფლნარში, შერეულფოთლოვან ტყეში. გვხვდება მდინარისპირა ტერასებზე და მცირე ფართობებზე წმინდა მურყნარს ქმნის. ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. ცოცხლობს 50-60 წელს (იშვიათად 100 წლამდე). გირჩების ნაყენს კუჭნაწლავის დაავადებათა დროს და ნაწილობრივ სისხლის შემაჩერებელ საშუალებად ხმარობენ. ადრე გაზაფხულზე შაქართან შერეულ მურყნის მტვერს ფუტკრის საკვებად იყენებენ.

             

აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis)

შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში LC სტატუსით. 60 მეტრამდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი 2 მეტრამდე აღწევს. ხშირი დატოტვის გამო ვარჯი ძალიან კომპაქტურია და წვიმას თითქმის არც კი ატარებს. ღერო დაფარულია ნაცრისფერი დაშაშრული ქერქით. გავრცელება ზღვის დონიდან 1300-2100 მეტრია. ხოლო ოპტიმალური სიმაღლე 1300-1800 მეტრის  ფარგლებში, გვხვდება როგორც წმინდა ნაძვნარები, ასევე სოჭთან, ფიჭვთან, წიფელთან და ქმნის შერეულ ტყეებს. იგი ტიპიური მეზოფიტი  სახეობაა.

                

კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica)

ფოთოლმცვენი ხეა 20-25 მ სიმაღლის იზრდება. ხშირი ვარჯი აქვს, ღეროს ვარჯი ნაცრისფერია, გლუვი და ოდნავ დამსკდარი. ფოთოლი ელიფსური მოყვანილობისაა. ცალსქესიანი ყვავილები აქვს. ყვავილები შეკრებილია ყვავლედებად. ნაყოფი (კაკალი) კვერცხისებრი ფორმისაა, წიბოებიანი, ოდნავ შებრტყელებული. გვხვდება მთელ საქართველოში მთის ქვედა და შუა სარტლებში ზოგან უფრო მაღლაც.

              

აღმოსავლეთის წიფელი (Fagus   orientalis   Lipsky)

ფოთოლმცვენი ხეა. 40 (50) მ-მდე სიმაღლის იზრდება, მთავარი ღეროს დიამეტრი 1.6 მ-ს აღწევს. მთავარი ღერო ღიანაცრისფერია,გლუვი. ახალგაზრდა ტოტები მოყავისფროა.ფოთოლი ელიფსური ან ოვალურია, წვერისაკენ წაწვეტებული, ფუძისკენ შევიწროებული. ფოთლის კიდე ტალღისებრია ან ბლაგვად დაკბილული, ზედა მხარე შიშველია, ქვედაზე ძარღვების გასწვრივ შებუსული. ნაყოფი სამწახნაგოვანი კაკალია. ნაყოფი სექტემბერში მწიფდება და ოქტომბერში ცვივა. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. ქმნის როგორც წმინდა კორომებს, ისე შერეულ ტყეებს. აქვს მკვრივი, მძიმე და ლამაზტექსტურიანი მერქანი. ნაყოფისგან ხდიან ზეთს. მოხალული ნაყოფი (წიწიბო) საკვებად ვარგისია.

               

ჩვეულებრივი ნეკერჩხალი (Acer campestre)

სამკურნალოდ გამოიყენება ქერქი და წვენი. ფოთოლმცვენი ხეა 15-20(25) მ სიმაღლისა. მთავარი ღერო მონაცრისფრო მურაა, ქერქი სიგრძივადაა დამსკდარი. ფოთოლი 5, იშვიათად 3ნაკვთიანია. ყვავილები მოყვითალო-მწვანეა. იზრდება ფოთლოვან ტყეებში. გავრცელებულია თითქმის მთელს საქართველოში.

                   

 

ბუჩქოვნები

ეპიგეა – Epigea

უნიკალური მარადმწვანე ბუჩქია. ის იზრდება ტენიან ადგილებში და მსოფლიოში მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გვხვდება. ეპიგეა საქართველოს წითელნუსხაში შეტანილი იშვიათი უძველესი ენდემია.

                             

 

უნგერნის შქერი – (Rhododendron ungernii)

3,5-6 მ სიმაღლის მარადმწვანე მაღალი ბუჩქია, გავრცელებულია აჭარის ფლორისტულ რეგიონში ძირითადად: მაჭახელას, მტირალას და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, ზღვის დონიდან 700-2200 მ-მდე. იგი კოლხეთის ენდემია, მცირე და ფრაგმენტული არეალის გამო სახეობა შეტანილია საქართველოს “წითელ ნუსხაში”VU-მოწყვლადი ტაქსონის სტატისით. უნგერნის შქერი 10-20 წლის ხნოვანებაში იწყებს ყვავილობას.

                             

პონტოს შქერი (Rhododendron ponticum)

მარადმწვანე ბუჩქი ან ხეა. ფოთოლი ტყავისებრია, შევბუსავი, ლანცეტური, კიდეებზე ოდნავ გადაკეცილი; 30 სმ-მდე სიგრძის და 10სმ-მდე სიგანის. ფოთლის ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვედა – შედარებით ღია ფერისაა. ყვავილები შეკრებილია ყვავილედებად. ყვავილი იისფერი ან მეწამული-იისფერია. ყვავილობს   აპრილი-მაისში.    საქართველოში    გავრცელებულია მაჭახელას და მტირალას ეროვნულ პარკების და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, კოლხეთის დაბლობსა და მის მოსაღვრე ზოგიერთ მხარეში. ტყის ყველა სარტყლში ქმნის, სხვა ბუჩქებთან (წყავი, ბაძგი და სხვ.) ერთად, მარადმწვანე ქვეტყეს. სწორედ მარადმწვანე ქვეტყე აძლევს კოლხურ ტყეებს განუმეორებელ, თითქოსდა სუბტროპიკულ იერს.                                          

იელი (Rhododendron luteum)

ფოთოლმცვენი ბუჩქია 1-2 მ. სიმაღლისა. ღეროები სწორმდგომია. ფოთლები თხელია, მოგრძო-ოვალური ან მოგრძო- ლანცეტური ან მომრგვალო- კვერცხისებური მოყვანილობისაა, ფუძისკენ შევიწროებული, 6-12 სმ. სიგრძის და 3-4 სმ. სიგანისა, შემოდგომაზე ნარინჯისფერ-წითელ ან მუქ წითელ შეფერილობას იღებს. ყვავილი ყვითელი ან მონარინჯისფროა. გავრცელებულია თითქმის მთელს საქართველოში, დაბლობიდან დაწყებული სუბალპური სარტყელით დამთავრებული.

                                            

კოლხური ბზა (Buxsus colchica)

მარადმწვანე ბუჩქნარი ან ხეა. სიმაღლე 9-10 მ. აქვს სწორმდგომი ღერო, რომელიც დაფარულია მომკრთალო-მოყვითალო ქერქით. ნორჩი ყლორტი ოთხწახნაგაა.   რელიქტური სახეობაა. საქართველოში გავრცელებულია: მაჭახელას, მტირალას, კინტრიშის  დაცულ ტერიტორიებზე. გვხვდება აჭარაშიც. კოლხური ბზის არეალი მცირდება. კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი სახეობაა და უძვირფასეს მერქნიან მცენარედ ითვლება. კოლხური ბზა გადაშენების პირას მდგომი სახეობაა. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ VU-მოწყვლადი ტაქსონის სტატუსით და IUCN-ის წითელ ნუსხაში NT- საფრთხესთან ახლოს მყოფი ტაქსონით.

                       

ამპურა, მაპურა, პურა- პურა, დათვი-ბაბა (Sorbus graeca)

ამპურას ნაყოფს ძველად საქართველოში პურის გულად ხმარობდნენ, ან ფქვავდნენ და ხორბლის ფქვილს ურევდნენ. მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა.ბუჩქი ან მცირე ზომის ხე. აქვს მომრგვალო, ქვედა მხრიდან თეთრი, ქეჩისებრ-ბუსუსიანი ფოთლები, ვაშლის ფორმის ჟოლოსფერი ნაყოფი. გავრცელებულია ზ.დ. 2 500 მ-მდე.

                     

კოლხური თხილი (Corylus colchicha)

ბუჩქი არყისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 1 მ აღწევს. ნორჩი ყლორტები მოფენილი აქვს გრძელი აბრეშუმისებრი ბუსუსებით. ნაყოფი პატარაა, კვერცხისებრი, თავწაწვეტილი, თითო-თითო ან რამდენიმე ერთად შეჯგუფებული. ენდემია, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი), მთის ზედა და სუბალპური სარტყელში (2300 მ-მდე) კირქვებზე, იტანს სიცივეს, ხარობს ტენიან ნიადაგზე. შეტანილია საერთაშორისო და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ VU-მოწყვლადი ტაქსონის სტატუსით.

              

მსხვილი ძუძუმწოვრები (მტაცებლები)

მურა დათვი (Ursus arctos)

საქართველოში ყველაზე დიდი მტაცებელი ცხოველია, მაგრამ ერთ-ერთი თვინიერი, ფრთხილი და ამავედროს მოშიშარა ცხოველია, რომელიც ადამიანებისგან შორს იჭერს თავს, თავისი დიდი მგრძნობელობის/მყნოსველობის საშუალებით. მისთვის ძირითად საკვებ რაციონს მცენარეული კენკროვნები წარმოადგენს, მაგრამ ასევე იკვებება ცხოველური საკვებითაც. შემოდგომის დადგომამდე ცხიმებს აგროვებს და ზამთრობით ხანგრძლივ ძილს ეძლევა. ძილმა შესაძლებელია გასტანოს 3- დან 6-თვემდე, რაც დამოკიდებეულია ზამთრის ხანგრძლივობაზე. იგი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი და მიეკუთვნება EN-გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.

ფოცხვერი (Lynx lynx)

კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, რომელის კანის/ბეწვის ბარხატოვანი მოხატულობა საოცარი სილამაზით ხასიათთდება, იგი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია საქართველოში. ხასიათთდება სიფრთხილით და დაკვირვებულობით, მისი შემჩნევა ძალიან რთულია. ფოცხვერი შეტანილია საქართველოს „წითელი ნუსხაშია“ როგორც CR – გადაშენების უკიდურეს საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.

                                                                         

მაჩვი (Meles meles)

კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ძუძუმწოვარი მტაცებელია. მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. სოროს ნიადაგში თხრის იკვებება მცენარეული საკვებით და წვრილ-წვრილი ცხოველებით.

                                                                         

მგელი (Canis lupus) ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს. საერთო წინაპარი ჰყავს    შინაურ    ძაღლთან.    მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს. ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.

                                                                        

კვერნა (Martes foina) – მისი სხეულის სიგრძე 40-60 სანტიმეტრია და მის ნახევარს თითქმის კუდი შეადგენს, რომელიც მოქნილობასა და სისწრაფეში ეხმარება, სხეული ფაფუკი და რბილი აქვს სქელი და ხშირი ბეწვის გამო. კვერნების ბევრი სახეობა არსებობს ეროვნულ პარკში კი თეთრყელა კვერნა.

                                                                      

ტურა (Canis aureus)

მტაცებელი ცხოველია, რომელსაც ძირითადად სანიტრის/ლეშის ჭამის როლი აკისრია, რაც შეიძლება ითქვას ეპიდემიების და დააავადებების გაჩენას უშლის ხელს, თუმცა ამავედროს ზოგჯერ ცოფისა და შავი ჭირის გამომწვევების გადამტანი დაავადებების მატარებელიც იყოს. ფრთხილი და ადამიანისგან მოშიშარი ცხოველია. დღის სინათლეზე იშვიათად შეხვდებით ჯგუფურად, ხოლო ღამით ამის შესაძლებლობა არსებობს.

                                                                       

 

ბალახისმჭამელები

არჩვი, ფსიტი (Rupicapra rupicapra)

იგივე ფსიტი – დიდი ზომის მოხდენილი ცხოველია მაღალი ფეხებითა და გრძელი კისრით. აქვს შედარებით პატარა თავი, რომელზედაც კაუჭისებურად მოღუნული შავი რქები, არჩვი ძალიან ცნობისმოყვარე ცხოველია, სადმე რაიმე საეჭვოს თუ მოჰკრა თვალი, მიუახლოვდება და ცდილობს გაარკვიოს რა არის. სამწუხაროდ, არჩვის ასეთი ქცევით სარგებლობენ ბრაკონიერები და ადვილად ნადირობენ მასზე. არჩვი შობს 1-2 ციკანს. იკვებება ბალახით. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ EN-გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონით.

                                                                    

ევროპული შველი (Capreolus capreolus)

ირმისებრთა ოჯახის წყვილ ჩლიქოსანი ცხოველია. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მამლის მასა 55 კგ აღწევს, დედალი მომცროა. შველს აქვს მსუბუქი, მოხდენილი სხეული, გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, რქები 3 (ზოგჯერ 4) მორჩით (მამალს), დედალი ურქოა. იკვებება მცენარეული საკვებით. მაკეობა 9 თვემდე გრძელდება, შობს 1- 2 ნუკრს, რომლის სხეული სწორი ხაზოვნად განლაგებული თეთრი ხალებითაა დაფარული. შველი გვხვდება თითქმის ყველა დაცულ ტერიტორიაზე, მრავლადაა ასევე მაჭახელას ეროვნულ  პარკში.

                                                                   

გარეული ღორი (sus scrofa) გარეული ღორი მეტად აქტიური ცხოველია, იგი გამოირჩევა თავისი აქტიური გადაადგილებით და სწრაფი გამრავლებით, ახასიათებს ტერიტორიის მონიშვნა და ჯგუფურად გადაადგილება. იკვებება ხის ნაყოფებით და ზამთრობით ფესვებით. არის ფრთხილი, მაგრამ საბინადროში გადაადგილებისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

                                                                   

კავკასიური ციყვი (Sciurus ) ძუძუმწოვარი ცხოველთა გვარის, აქვს ხშირი/რბილი ბეწვი.იგი აქტიური გადაადგილებით გამოირჩევა და შესაძლებელია ხეებზე დაფიქსირება, ბილიკებზე ან ხის ფუღუროებში, სადაც ხშირ შემთხვევაში ზამთრის მარაგს ეზიდება. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ VU-მოწყვლადი ტაქსონის სახით.

                                                           

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.