დუნგას ჩანჩქერის ბილიკი
მთავარი ღირსშესანიშნაობები: დუნგას ჩანჩქერი, კოლხური ტიპის შერეული ტყე.
მიმართულება: სოფ. ზედა ჩხუტუნეთის ცენტრი « დუნგას ჩანჩქერი
მანძილი: 1 კმ
ხანგრძლივობა: 30 წთ
მარშრუტის სიმაღლეები ზღვის დონიდან, საწყისი/უმაღლესი/საბოლოო: 605/622/579 მ
სირთულე: მარტივი, საფეხმავლო
მარშრუტი სოფ. ზედა ჩხუტუნეთის ცენტრიდან იწყება, რამდენიმე ორღობის გავლის შემდეგ გადაკვეთს მცირე ღელეს და ულამაზესი კოლხური ტიპის ტყეში შედის. საცალფეხო ბილიკზე მიმავალნი ხშირად გაიგონებთ სხვადასხვა სახეობის ფრინველის ხმას, ხოლო ხავსებით შემოსილი ქვები და ხეებზე ასული კოლხური სუროს ფოთლები მარშრუტზე თქვენს მოგზაურობას კიდევ უფროს სასიამოვნოს გახდის.
დუნგას ჩანჩქერისკენ მიმავალი გზა მარტივია. ბილიკზე მსვლელობისას აქ თქვენ თვალწინ ხეობაზე საუცხოო ხედები გადაიშლება, ჩანჩქერის მთავარი ღირსება მისი მიმდებარე გარემოა, სადაც ათეულობით სხვადასხვა მცენარე ბიომრავალფეროვნების დღესასწაულს ქმნის.
შეჩერდი და მოუსმინე ჩიტების ჭიკჭიკს, შეისვენე მუხის, თელისა და ცაცხვის ძირში და დატკბი ულამაზესი ხედებით.
მაჭახელას ღვინის ისტორიის ნაკვალევის ბილიკი
მთავარი ღირსშესანიშნაობები: ჭონჭყოს საწნახელი, მერეს საწნახელი, ძნელაძეების საწნახელი, კოლხური ტყე.
მიმართულება: სოფ. ზედა ჩხუტუნეთი « ჭონჭყოს საწნახელი « მერეს საწნახელი « ძნელაძეების საწნახელი
მანძილი: 1.3 კმ
ხანგრძლივობა: 1 სთ
მარშრუტის სიმაღლეები ზღვის დონიდან, საწყისი/უმაღლესი/საბოლოო: 531/531/510\ მ
სირთულე: საშუალო, საფეხმავლო
მარშრუტი საშუალებას გაძლევთ მცირე მანძილსა და დროში იმოგზაუროთ ღვინის ისტორიის ნაკვალევზე, თავად გაიაროთ ის გზა, რასაც საუკუნეების მანძილზე გადიოდნენ ხეობაში მცხოვრები ადამიანები, რათა გადაერჩინათ მათი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო – ღვინო.
მარშრუტი იწყება სოფელ ზედა და ქვედა ჩხუტუნეთის დამაკავშირებელი მთავარი საავტომობილო გზიდან და მალევე მდინარე მაჭახლისწყლის ხეობის მარცხენა ფერდობზე მიმავალ საფეხმავლო ბილიკზე გადადის. სოფლის ვიწრო ორღობეში მიმავალი ბილიკი დაღმართს დაუყვება, სადაც კოლხური ტყით შემოსილ ფერდობზე მიმავალთ მდინარისა და სხვადასხვა ფრინველის ხმა სრულად მოგწყვეტთ ყოველდღიურობას და იმ ისტორიულ წარსულში გადაგიყვანთ, როცა ადგილობრივები ამ ბილიკს იმისთვის გადიოდნენ, რომ მტრისგან მალულად ღვინო ეწარმოებინათ. აღნიშნული ფაქტის პირველი დასტური მარშრუტზე არსებული ჭონჭყოს საწნახელია, რომელიც აქაურობის გამოჭრილ კლდეში, შეუმჩნეველ ადგილას მოუწყიათ. საუკუნეებ გამოვლილ საწნახელს უზარმაზარი უთხოვრის ხე დასცქერის თავს, რაც სანახაობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.
ჭონჭყოს საწნახლიდან მარშრუტი მკვეთრად დაღმართში ეშვება და თითქმის მდინარის კალაპოტამდე ჩადის. აქ თქვენ მერეს საწნახელი გელოდებათ, რომელიც მაჭახლელებს კიდევ უფრო მიუვალ და შეუმჩნეველ ადგილას აუშენებიათ. შეღრმავებულ კლდეში მოწყობილი ეს საწნახელი სავარაუდოდ რამდენიმე ტონა ყურძენს იტევდა და ღარის მეშვეობით (ამჟამად მიწით არის დაფარული) სითხედ გადმოედინებოდა. მარშრუტის შემდგომი დანიშნულების ადგილი საგვარეულო საწნახელია და იგი ძნელაძეების გვარს უკავშირდება. საწნახლამდე მიმავალი გზა, მცირე ჩანჩქერის ძირში გაივლის და მდინარე მაჭახლისწყლის კალაპოტიდან თანდათანობით ზემოთ, სოფელ ზედა ჩხუტუნეთისკენ ადის. საწნახლის, როგორც მდებარეობა, ისე მისი პარამეტრები თითქმის იდენტურია მარშრუტში შემავალი წინა საწნახლებისა. ძნელაძეების, მერეს და ჭონჭყოს საწნახლების მონახულებისას აუცილებლად გაგიელვებთ აზრი იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი სიყვარული უნდა ქონოდათ ადგილობრივებს ღვინისა, რომ ამხელა ფიზიკური შრომის და მუდმივად მოსალოდნელი საფრთხის ქვეშაც კი არ ამბობდნენ უარს მის წარმოებაზე.