ღვინის შესანახი ობიექტები
მაჭახლის ხეობაში საკმაოდ კარგად იყო განვითარებული მევენახეობა-მეხილეობა. მევენახეობასთან ერთად მაღალ დონეზე იდგა მეღვინეობა. ხეობის თითქმის ყველა სოფელში აღმოჩენილია მარან-საწნახლები, ქვევრები.
- ჭონჭყოს საწნახელი
სოფელ ზედა ჩხუტუნეთიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ჭონჭყოს საწნახელი მდებარეობს, რომელიც ციცაბო ფერდობზე ნახევრად გამოქვაბულ კლდეშია აშენებული, რამაც ობიექტი დღემდე თითქმის დაუზიანებლად შემოინახა.
- მერეს საწნახელი
მერეს საწნახელი, ციცაბო, რთულად მისავალ ფერდობზეა განთავსებული. საწნახელი მთლიანად კლდის ქვეშაა მოქცეული.
- ძნელაძეების საწნახელი
მდებარეობს სოფელ ზედა ჩხუტუნეთში,ძნელაძეების ქედის ბოლოს.საწნახლის სამი კედელი ადგილზე მოჭრილი ქვისგან კირხსნარის გამოყენებით აუგიათ, ხოლო მეოთხე კედლის ფუნქციას კლდის ნაწილი ითავსებს.საწნახლის სიგრძე 3,55 მეტრს, სიგანე 2,55, ხოლო სიმაღლე 1,05 მეტრს შეადგენს.
- ცხემლარას საწნახელი და მარანი
ყველაზე დიდ ინტერესს სოფელ ცხემლარაში სალვარიძის საკარმიდამო ნაკვეთში ნაპოვნი მარნები იწვევს, რომელიც სავარაუდოდ Xl-Xll საუკუნით თარიღდება.იგი კლდეში ნაკვეთია და აგებულია კლდოვანი ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში.საწნახელის სიგრძე 4,8 მეტრია, ხოლო სიმაღლე -1,45 მეტრი.საწნახელის აღმოსავლეთით, მიშენებულია მარნისთვის განკუთვნილი ნაგებობა,რომლის სიგრძე 5,1 მეტრია ,სიგანე -4,15 მ, კედლის სისქე-0,95.
- ილიას მარანი
სოფელ ჩიქუნეთში შუა საუკუნეებით დათარიღებულ 8 მეტრი სიგრძისა და 4 მეტრი სიგანის მარანს, მალაყმაძეების წინაპრები ღვინის წარმოებისთვის იყენებდნენ.
ქვისთაღოვანი ხიდები
მაჭახელას ხეობა ქვისთაღოვანი ხიდების სიმრავლით გამოირჩევა, რაც განაპირობა ხეობის სავაჭრო ეკონომიკურმა და სტრატეგიულმა მნიშვნელობამ. აქ გადიოდა ერთ-ერთი უმოკლესი სავაჭრო-საქარავნო გზა, რითაც უკავშირდებოდნენ ტაო-კლარჯეთის ისტორიულ მხარეებს და შავიზღვისპირეთს. ხეობაში ამჟამად თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი ცხემლარას, ჩხერის და ჩამახისურის ხიდები.
- ცხემლარას თაღიანი ხიდი-მდებარეობს მდინარე მაჭახელზე,სოფელ ცხემლარასთან. ხიდს გაშლილი,ნახევარწრიული ფორმის თაღი აქვს,რომლის მარჯვენა ბოლო კლდოვან ქანშია შესმული,მარცხენა კი სახელდახელოდ აშენებულ ბურჯს ეყრდნობა. ის XI-XIII საუკუნით თარიღდება.
- ჩხერის ხიდი მდებარეობს სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, მდინარე მაჭახლის მარცხენა შენაკად-ჩხერისწყალზე. ხიდის სავალი ზედაპირის სიგრძე 8,7 მეტრს შეადგენს, სიმაღლე მდინარის ჰორიზონტიდან თაღამდე -14 მ-ია.
- ჩამახისურის თაღიანი ხიდი მდებარეობს სოფელ ქოქოლეთში. ეს ხიდი XVIII საუკუნეში შეუკეთებია კირკიტეთელ თანთულ ახმედ-აღა ხინკილაძეს.ჩხუტუნეთის ციხე (ყალი-ვაკე)მდინარე მაწახელას მარცხენა ნაპირზე,სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში მდებარეობს. ამ ადგილს ახლა ,,ყალი ვაკეს“ ეძახიან. ციხე კეტავდა ხეობაში გამავალ სამხედრო სტრატეგიულ და ეკონომიკური მნიშვნელობის გზას.ციხის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად საკმაო რაოდენობის მასალა იქნა მოპოვებული. წამყვანია კერამიკული ნაკეთობანი, როგორიცაა: ქვევრებისა და დერგების პირისა და ტანის ნატეხები, ქოთნების, დოქების, სასმისების, ჯამების, კეცების და სხვ. ჭურჭლის ფრაგმენტები.
ქვემეხი
მაჭახელას ხეობის, სოფელ სკურდიდში 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს ქვემეხი “ამბრაზურა” დაიდგა, რომელიც წარმოადგენს რკინა – ბეტონისაგან დამზადებულ ნაგებობას.
მასში მოთავსებულია მცირე ზომის ოთახები მეომრებისთვის და საბრძოლო მასალის შესანახად.
ქვემეხი უზრუნველყოფდა იმ სასაზღვრო გზების დაცვას, რომელიც რეგიონის სიღრმეში გადიოდა.



