მაჭახელას ხეობის ისტორიასა და კულტურაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, ხელოსნობაში მაჭახლელთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
მაჭახელაში, ცეცხლსასროლი და ცივი საბრძოლო იარაღებიდან კაჟ-ჩახმახიანი თოფი, დამბაჩა, ხანჯალი, იათაგანი მზადდებოდა.
XVlll საუკუნის ll ნახევარში ხეობაში ორი სახის თოფი ,,თოფხანე” და ,,ნალფარა” იჭედებოდა, ორივე ,,მაჭახელას” სახელწოდებით იყო ცნობილი.,,თოფხანე” უფრო მეტად ოქრო-ვერცხლითა და სპილოს ძვლებით იყო შემკული. ამ სახის თოფის ლულაც სპეციალურად მზადდებოდა. იგი ხრახნიანი უნდა ყოფილიყო, რაც შორსა და მიზანში სროლას უზრუნველყოფდა. მეორე სახის თოფი შემკულობითა და ლულის დამზადების ტექნოლოგიით პირველს ჩამოუარდებოდა. ზ.ჭიჭინაძე განცვიფრებული წერდა: ,,იარაღების სევადები , ყვავილები და ასოები ხელოვნურად ამოჭრილი განცვიფრებაში მოიყვანენ მნახველებს. საინტერესო სანახავია ისეთი იარაღები, რომლებიც ქართველთა მეფობის დროს არის გაკეთებული და რომელზედაც ოსტატურად ქართული ასოებიც არის ამოჭრილი”.




